ზღვის ცხენთევზა

Seepferd.jpg

ზღვის ცხენთევზა (Hippocampus), თევზების გვარი ნემსთევზასებრთა ოჯახისა. გარეგნულად ჭადრაკის მხედარს წააგავს. სხეულის სიგრძე 4-20 სმ აღწევს. გვარში 30 სახეობაა. გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ ზღვებში. ზღვის ცხენთევზა ცალსქესიანი თევზია. მამალს კუდის დასაწყისში ქვედა მხარეზე აქვს პარკი, რომელშიც დედალი დებს კვერცხს. პარკში გამოჩეკილი ლიფსიტების საკვები ერთხანს ყვითრია, შემდეგ გამოდიან წყალში, სადაც პლანქტონითა და ბენთოსითიკვებებიან. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

თავფეხიანები

Octopus macropus

თავფეხიანები (Cephalopoda), უხერხემლოთა კლასი მოლუსკების ტიპისა. კარგად აქვთ განვითარებული სისხლის მიმოქცევის სისტემა, თავის ტვინი, გრძნობის ორგანოები (განსაკუთრებით თვალები). თავზე, პირის ირგვლივ 8 ან 10 კუნთოვანი საცეცი („ხელები“) აქვთ მისაწოვრებით, ზოგჯერ — რქოვანი კაუჭებით. მოძრაობენ რაკეტის პრინციპით. მანტიის რღუში წყალი კუნთების შეკუმშვით გადაიდენება კუნთოვან ძაბრში, წარმოიქმნება ბიძგი და ცხოველი უკუსვლით მოძრაობს. თანამედროვე თავფეხიანებიდან გარეგანი ნიჟარა აქვს მხოლოდ ნაუტილუსს. დანარჩენების სხეული შიშველია, ზოგს ნიჟარის ნარჩენები კიროვანი ფირფიტების სახით კანქვეშ აქვს შემორჩენილი. თავფეხიანების ზომა 1 სმ-იდან 18 მ-მდე აღწევს.

თავფეხიანები ცალსქესიანი ცხოველებია. კვერცხიდან უკვე ფორმირებული პატარა ცხოველი გამოდის. ცხოვრობენ უმთავრესად თბილი ზღვების სანაპიროებთან, აგრეთვე დიდ სიღრმეზე, მტაცებლებია, იკვებებიან უმთავრესად თევზებით, კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, თვითონ კი ზღვის ძუძუმწოვრებისა (განსაკუთრებით კაშალოტის) და ფრინველების საკვებს წარმოადგენენ. მრავალი თავფეხიანები (კალმარებისიპინირვაფეხა) რეწვის ობიექტია.

თანამედროვე ფაუნაში თავფეხიანების 600-მდე სახეობა 2 ქვეკლასშია გაერთიანებული: ოთხლაყუჩიანები (Tetrabranchia), რომელთაც მხოლოდ ნაუტილუსი და, შესაძლებელია, ამომწყდარი თავფეხიანების — ამონიტების დიდი ჯგუფი მიეკუთვნება და ორლაყუჩიანები (Dibranchia), რომელთაც სიპინი, კალმარი, რვაფეხა, აგრეთვე ამომწყდარი ჯგუფი — ბელემნიტები — ეკუთვნის.

უძველესი თავფეხიანების ნამარხები (1000-მდე სახეობა) ცნობილია კამბრიული ნალექებიდან. ფართო გავრცელების, სახეობათა სიმრავლისა და მათი სწრაფი ცვლის გამო თავფეხიანები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯგუფია პალეოზოური და მეზოზოური შრეების სტრატიგრაფიისათვის.

ქამელეონები

Camaleón.jpg

ქამელეონისებრთა ოჯახში გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე. ყველაზე დიდი ქამელეონის სხეულის სიგრძე, რომელიც მადაგასკარზეა გავრცელებული 50 სმ–ს აღწევს.