კორდაიტებიკორდაიტისნაირნი (Cordaitales), გადაშენებულ შიშველთესლოვან მცენარეთა რიგი. კორდაიტები დიდი ხეები იყო. მერქნის ტრაქეიდების კედლებზე გარემოიანი ფორები მჭიდროდ ჰქონდათ განლაგებული. მათი ლანცეტა ხაზური ან ნიჩბისებური, ფოთლების სიგრძე 20-50 სმ და მეტი იყო. გამრავლების ორგანოები შეკრებილი ჰქონდათ სტრობილებისაგან შემდგარ მჭადასებრ ყვავილედებად.

კორდაიტები წარმოიშვა პროგიმნოსპერმების ტიპის მცენარეებისაგან და შესაძლოა დასაბამი მისცეს წიწვოვნებს. კარბონული და პერმული პერიოდის დასაწყისში კორდაიტები გავრცელებული იყო ტრიპიკულ ევრამერიკულ და არატროპიკულ ანგარულ ანუ ტუნგუსურ ოლქსა და გონდვანაში. პერმულ ეპოქაში დიდი რაოდენობით იყო მხოლოდ ანგარულ ოლქში. კორდაიტების ფოთლებს დიდი მნიშვნელობა აქვთ სტრატიგრაფიისათვის.

თესლოვანი გვიმრები (Lyginopteridopsida), გადაშენებულ შიშველთესლოვან მცენარეთა კლასი. გარეგნულად ემსგავსებოდნენ თანამედროვე ხისებრ გვიმრებს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ღეროში ჰქონდათ მეორეული ქსილემა, ტრაქეიდებში – წერტილოვანი ფორები, ქერქში – მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მექანიკური ბოჭკოების ბადისებრი სისტემა. მათი დიდი ფოთლები გვიმრის ფოთლებს წააგავდა, მაგრამ ეპიდერმისის, ბაგეებისა და ფოთლის ყუნწებია ანატომიური აგებულებით მათგან განსხვავდებოდა. ფოთლებზე განლაგებული ჰქონდათ სხვადასხვა აგებულების თესლი. თესლოვანი გვიმრები ქარითმტვერია მცენარეები იყო. მათ თავდაპირველად ნამარხ გვიმრებს აკუთვნებდნენ. 1905 ინგლისელმა ბოტანიკოსებმა ფ. ოლივერმა და დ. სკოტმა დაადგინეს, რომ თესლოვანი გვიმრებში გაერთიანებულია გვიმრებისა და შიშველთესლოვნების ნიშნები. თესლოვანი გვიმრების ძირითადი ოჯახებია Lyginopteridaceae და Medullsaceae, მათ აკუთვნებენ აგრეთვე კეიტონიალეებს. თესლოვანი გვიმრები ყველაზე მეტად გავრცელებული იყვნენ კარბონულ პერიოდში და მოაღწიეს ქვედა ცარცულამდე. ზოგი ბოტანიკოსი და პალეობოტანიკოსი ნამარხი მცენარეების ამ ჯგუფს პტერიდოსპერმებს უწოდებენ.

კალამიტისნაირნი (Calamitales), გადაშენებულ მცენარეთა რიგი. გარეგნულად წააგავდნენ გიგანტურ შვიტებს. მათგან განსხვავებით კალამიტისნაირთ მძლავრად განვითარებული მეორეული მერქანი ჰქონდათ, მაგრამ ადრეულად დაშლილი გულგულის ადგილას მათ ღეროშიც დიდი ღრუ იყო. კალამიტისნაირთა ძირითადი გვარი — Calamites — 3 ქვეგვარისაგან შედგება. პრიმიტიული კალამიტისნაირნი (ოსტეროკალამიტები) წარმოიშვნენ დევონური პერიოდის ბოლოს დაკარბონულის შუა პერიოდში შეიცვალნენ ნამდვილი კალამიტისნაირით, რომლებიც შემდეგ პერმულ პერიოდში გადაშენდნენ. კალამიტისნაირნი ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული ტროპიკული ზონის დაბლობებსა და დაჭაობებულ ადგილებში.

ლეპიდოდენდრონი (ბერძნ. lepis „ქერცლი“ და dendron „ხე“), ამომწყდარი ხემცენარეთა გვარი ლეპიდოდენდრონისებრთაოჯახისა. მათი სწორმდგომი ღეროს სიმაღლე 20-30 მ და სისქე 2 მ აღწევდა, ძლიერ დატოტვილი ვარჯი ჰქონდა. ღერო შედგებოდა მერქნისა და სქელი ქერქისაგან, რომელიც დაფარული იყო სპირალურ მწკრივებად განლაგებული ე. წ. ბალიშებით. იგი ნიადაგშიც იტოტებოდა და წარმოქმნიდა სტიგმარიებს, რომლებიდანაც მძლავრი ფესვები გამოდიოდა. ლეპიდოდენდრონი გავრცელებული იყო ევრამერიკულ და კატაზიურ პალეოფლორისტულ ოლქებში, კარბონულ და პერმულ პერიოდებში.

ლიგინოპტერისი (Lyginopteris), ნამარხ მცენარეთა გვარი თესლოვანი გვიმრების კლასი ლიგინოდენდრონისებრთა ოჯახისა.კარბონული და პერმული პერიოდების მცენარეა. ჰქონდა წვრილი (4 სმ-მდე დიამეტრის) დატოტვილი ლიანასმაგვარი ქაცვებიანი ღერო. თესლოვანი გვიმრების (ფარულთესლოვანი მცენარეების შორეული წინაპრების) ყველაზე უფრო რესტავრირებული წარმომადგენელია, რის გამოც მკვლევართა ყურადღებას იმსახურებს.